"ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები"

2021-08-24 14:27:10

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში 12 წლიდან მოზარდთა ბავშვებში იმუნიზაციის პროცესი დაიწყოს.

თუმცა როგორც NCDC-ის ხელმძღვანელი განმარტავს ამ ეტაპზე საქართველო ბავშვთა იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესახებ ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება.

"თუ ბავშვების და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. ბავშვები ყველაზე მეტად არიან გამავრცელებლები.

ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმოს მიხედვით ვიღებთ, იქ მიმდინარეობს 12 წლის ზემოთ ბავშვების იმუნიზაციაზე საუბარი, სექტემბრის ბოლოს კი გადაწყვეტილება იქნება ცნობილი.

არ გამოვრიცხავ,რომ ჩვენ შიდა განხილვების ფარგლებში ეს საკითხები მიმოვიხილოთ,"- აცხადებს გამყრელიძე.

12 წლის ზემოთ მოზარდებს უკვე ბევრ ქვეყანაში ცრიან. მათ შორის აშშ, კანადა, ისრაელი, ევროპის რამდენიმე ქვეყანა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან. იმუნიზაციის საბჭო ამაზე იმსჯელებს, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის შესაძლებლობა გაფართოვდეს ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, თუკი ამის გადაწყვეტილებაა და მხარდაჭერა იქნება ჯანმოს მიერ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.