დიღმის საველე ჰოსპიტალში 60 კოვიდინფიცირებული იმყოფება

2021-08-22 16:17:47

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის რევაზ კუჭუხიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი ჟანგბადზეა დამოკიდებული.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ 60 პაციენტია მოთავსებული, არიან როგორც ქალები, ასევე კაცები. პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ძირითადად, „დელტას“ შტამია გავრცელებული. პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოიყვანეს. თუ პაციენტების შემოყვანის საჭიროება კვლავ იქნება, მივიღებთ“,- განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.