საველე ჰოსპიტალში პაციენტების მოთავსება დაიწყო

2021-08-20 14:15:18

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან საველე ჰოსპიტალი სრული დატვირთვით მუშაობს და ამ დროისთვის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი იმყოფება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, პაციენტები საველე ჰოსპიტალში 2-3 დღე დარჩებიან, შემდეგ კი მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში მოხდება.

"გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება უკვე დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. ჰოსპიტალი დღეიდან სრული დატვირთვით შეუდგება ფუნქციონირებას. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადასამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, რომ 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს პაციენტის დაყოვნება საველე ჰოსპიტალში და შემდეგ მოხდება მათი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში. ჰოსპიტალური სექტორი ახლა არის მაქსიმალური დატვირთვით, ადგილი თუ თავისუფლდება, ხდება ამ ადგილის შევსება" , - განაცხადა გაბუნიამ.