"ეს სასამართლო არაა. შოუა, სადაც ინტერნეტი ჭედავს"

2021-08-18 18:03:36

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს“ წევრობის,  მისი მხარდაჭერის და კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული 10 რუსთაველი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მამია ფხაკაძემ მიიღო. სასამართლო პროცესს ბრალდებულები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დისტანციურად ესწრებოდნენ.

პროცესზე გარდა ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებისა, უნდა განხილულიყო მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხიც, თუმცა როგორც რამდენიმე ბრალდებულის ადვოკატმა, კახაბერ შინჯიაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხის განხილვა ტექნიკური გაუმართაობის გამო ვეღარ მოხდა და კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა, რომელიც 24 აგვისტოს გაიმართება.

დისტანციურ რეჟიმში სასამართლო პროცესის ჩატარების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს სხვა ადვოკატებმაც და ბრალდებულებმაც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო სასამართლო პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

"ეს სასამართლო არაა. შოუა, სადაც ინტერნეტი ჭედავს",- ასე მიმართა ბრალდებულმა სოსო ტურაშვილმა მოსამართლეს და ითხოვა, რომ შემდეგ პროცესს სასამართლო დარბაზში დაესწრონ.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლის რუსთავის პოლიციამ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლმებშიც სხვადასხვა ქალაქში  ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 30-მდე ადამიანი დააკავა.

9 ივლის რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაკავებულ პირებს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები