რუსთავში ორი საწარმო კიდევ დააჯარიმეს

2021-08-16 11:37:56

რუსთავში კიდევ 2 საწარმო დაჯარიმდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ამჯერად საუბარია "ჯეოსტილისა" და "რუსთავის ფოლადის", იგივე მეტალურგიულ საწარმოზე, რომელთაც ფულადი სანქციები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა და ნარჩენების მართვის კოდექსების სხვადასხვა მუხლების დარღვევის გამო დაეკისრათ.

"ჯეოსტილს" გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისა და მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რუსთავის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რაც შეეხება "რუსთავის ფოლადს", შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ საწარმოში არ ასრულებენ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებს, ხდება სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება.

დაფიქსირდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების უქონლობა და გამოუყენებლობა, სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაშვება და სხვა დარღვევები, რის გამო 15 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ცნობისთვის, 1 ივნისიდან  "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონის აღსრულება დაიწყო. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ინსპექტირებისას რუსთავში თითქმის ყველა საწარმო დაჯარიმდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები