"რუსთავ-თბილისის ავტობანს აუცილებლად დავასრულებთ"

2020-08-13 19:24:53

ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რუსთავ-თბილისის ავტობანის მშენებლობა აუცილებლად დასრულდება, თუმცა, მისივე თქმით, უწყებას ფონიჭალის მოსახლეობასთან მოლაპარაკებების დასაწყებად ხელს პანდემია უშლის. ამის შესახებ ქარსელაძემ "ინფო რუსთავს" რუსთავში ვიზიტის დროს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფონიჭალაში, გზის პირას არსებული კორპუსების მცხოვრებლებთან დიალოგს ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ განაახლებს.

"პანდემია არის ის, რაც გვაბრკოლებს. მოლაპარაკება საჭიროებას მხარეების კომუნიკაციას. ამ პანდემიის პირობებში, რაიმე კომუნიკაცია არამიზანშეწონილად მიგვაჩნია. ნამდვილად ვფიქრობთ იმას, რომ გვექნება შესაძლებლობა, განვაახლოთ ეს საუბარი იმიტომ, რომ ეს საქმე გასაკეთებელია. 3.5 კილომეტრია დარჩენილი, მთელი 16 კილოომეტრიანი მონაკვეთიდან. მაშინაც იყო ხალხი, ვისაც ველაპარაკებოდით და თანახმა იყვნენ, მაგრამ იყო ხალხი, რომელიც არ იყო თანახმა და თუ ერთსულოვნება არ იქნება, ძალიან რთულია პრობლემის გადაჭრა. ჩვენ მზად ვართ, გვინდა ამ პროექტის დასრულება. მაშინაც გვინდოდა, ახლაც გვინდა და აუცილებლად დავასრულებთ. უბრალოდ ეს არის პროცესი, სადაც ერთი მხარე აქტიურობით ვერაფერს ვერ იზამს და რაც არ უნდა მოვინდომო მე, მესაკუთრემ უნდა მომცეს ამის საშუალება", - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალის მცხოვრებლები არ აღიარებენ ბრალდებას, მათი მხრიდან საცხოვრებელი სახლების დათმობის სანაცვლოდ კოლოსალური თანხების მოთხოვნის შესახებ. მათი თქმით, სიცრუეა, თითქოს ამ მიზეზით ჩაიშალა მოლაპარაკებები და შემდეგ შეწყდა ავტობანის მშენებლობა.

თავის მხრივ, მოსახლეობა აცხადებს, რომ ნებისმიერ დროს მზად არიან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები