"ალბათ ეს არის ის მოტივი, რაზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილება"

2021-08-12 13:37:29

პოლიტიკური "პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის ოპოზიციაში გადასვლას გამოეხმაურა.

ლაცაბიძე აცხადებს, რომ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ განახლებული და ძლიერი გუნდი წარადგინა, რომელშიც არ მოხვდა ლევან ონიანი და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ მიიღო ონიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება.

"რუსთავს აუცილებლად უნდა ჰყავდეს განახლებული და ძლიერი გუნდი მომავალი თვითმმართველობის თითოეულ რგოლში, მათს შორის წარმომადგენლობით ორგანოში. ჩვენ წარვადგინეთ ძლიერი, კომპეტენტური და საქმეზე ორიენტირებული გუნდი. როგორც ნახეთ ამ გუნდში ლევან ონიანი არ მოიაზრებოდა, მათს შორის არც საკრებულოს თავმჯდომარედ არ განიხილება. ალბათ ეს არის ის მოტივი, რაზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილება და დატოვა გუნდი.

მასთან არ მქონია კომუნიკაცია, ჩვენ წარდგენაზე მოვიწვიეთ, როგორც ყველა მოქმედი საკრებულოს წევრი.

სამწუხარო ერთადერთი ის არის, რომ მისთვის არ აღმოჩნდა გუნდისა და ქალაქის ინტერესები იმაზე მაღლა, ვიდრე მისი პირად ინტერესი და თანამდებობაა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ ქართული ოცნება დატოვა და "სახალხო პარტიას" შეუერთდა.