საქართველოს პატრიარქი ილია მე-2 ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მისი აცრა სხვებისთვის განმსაზღვრელი არ შეიძლება იყო.
"აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის. ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.
მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში.
ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.