ქართულმა ოცნებამ გარდაბნის მერობის კანდიდატი წარადგინა

2021-08-11 19:14:56

2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებზე გარდაბნის მერობისთვის დავით კარგარეთელი იბრძოლებს.

მისი წარდგენის ღონისძიება პოლიტიკურმა პარტიამ "ქართული ოცნება" გარდაბანში გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრებოდნენ.

როგორც გარდაბნის მერობის კანდიდატმა"ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება.

"დიდი პატივი და ამასობაში დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ჩემმა გუნდმა დამასახელა მერობის კანდიდატად. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში დავდგები ახალი გამოწვევების წინაშე, აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის შემდეგი 4 წელი იყოს მეტად უფრო წარმატებული, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, სოციალური პროგრამებია მისახედი",- განაცხადა დავით კარგარეთელმა.

"ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ, რომელიც მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების წყალმომარაგების პრობლემას ეხდებოდა, კარგარეთელმა უპასუხა, რომ ნაწილში ეს პრობლემა მოგვარებულია, რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო რამდენიმე სოფელში ისევ პრობლემად რჩება, მაგალითად კრწანისი, და მისი გამარჯვების შემთხვევაში სწორედ მისი მოგვარება იქნება პრიორიტეტული.

წარდგენის ღონისძიებაზე მერობის კანდიდატმა, დავით კარგარეთელმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა: ზაზა ონიანი, სახმან მირზოევი, როშან გაჯიევი, მიხეილ გედეხაური, ვუგარ მამედოვი, ბეთქილ კახიანი, რასიმ ისაევი, გიორგი გურულიშვილი, დავით ჭინჭარაული, თორნიკე ქავთარაძე და დავით თებილაშვილი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები