რუსთავის სამედიცინო დაწესებულებების დიდ ნაწილში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, თავისუფალი ადგილები არ არის.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქში არსებული კოვიდმიმღები კლინიკების ხელმძღვანელმა პირებმა მიაწოდეს.
კოვიდინფიცირებულებისთვის 88 საწოლია გამოყოფილი და ყველა მათგანი დაკავებულია კლინიკა რუსთავში.
ამ ეტაპზე, თავისუფალი ადგილები არ არის არც ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, პაპუნა ბახტაძის განცხადებით, თუ კლინიკიდან პაციენტი არ გაეწერა, ახალი ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია შესაძლებელი არ არის.
"კოვიდისთვის გამოყოფილია 90 საწოლი. პაციეტების მიღებას ამ დრომდე რაღაცნაირად ვახერხებთ, ზოგს ცხელებაში ვათავსებთ, ზოგი ეწერება და ივსება ეგრევე. ბრუნავს, მაგრამ ამ წუთში ყველაფერი დაკავებულია", - განუცხადა ბახტაძემ "ინფო რუსთავს".
ყოველდღიურად 10-მდე ადგილი თავისუფლდება და ივსება რუსთავის მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ მიაწოდა.
სულ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფიცირებულებისთვის 96 საწოლია გამოყოფილი. გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პაციენტები მკურნალობენ და უცნობია, მოხერხდება თუ არა 10-მდე ადგილის გათავისუფლება ხვალისთვის.
შეგახსენებთ, გასულ დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი.