რუსთავის საკრებულოს 25-ის ნაცვლად 35 წევრი ეყოლება

2020-08-08 17:33:27

2 ოქტომბერს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

საარჩევნო წესებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომელთა შესახებაც "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური ესაუბრა.

აფციაურის თქმით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რუსთავის საკრებულოს წევრთა რაოდენობა 10-ით იზრდება და მუნიციპალიტეტის მე-7 მოწვევის საკრებულო 25-ის ნაცვლად, 35 კაცისგან იქნება შემდგარი.

"#20 იქნება ახლა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია. ამას ხაზი უნდა გაესვას იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გვიერთდებოდა გარდაბანი, რაც ამ არჩევნებზე ასე აღარ იქნება.

პარლამენტმა მიიღო კანონი, რითაც ადგილობრივ თვითმმართველ ქალაქ რუსთავში, სიით იქნება 28 გამსვლელი დეპუტატი და 7 იქნება მაჟორიტარული. ანუ, ქალაქი რუსთავი გაიყო 7 მაჟორიტარულ ოლქად. გამოდის, ჯამში, საკრებულო იქნება 35 კაციანი.

სიახლეა ის, რომ თითოეულმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, რომელ ოლქშიც არ უნდა დადგეს, უნდა მიიღოს ნამდვილი ხმების 40+1%, იმისათვის, რომ არ გაიმართოს მეორე ტური. ნამდვილ ხმებში არ შედის გაბათილებული ბიულეტინები.

მერზე მოქმედებს იგივე პრინციპი, გამარჯვებისთვის საჭიროა 50+1%.

ასევე, იგივე პრინციპით იმოქმედებს საინიციატივო ჯგუფები. 5 კაციან საინიციატივო ჯგუფს, შეუძლია კანდიდატი დააყენოს მხოლოდ 1 მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, იმისთვის, რომ იბრძოლოს მერობისთვის, სჭირდება ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 1%, ანუ 1071 ხელმოწერაა საჭირო კანდიდატურის დაყენებისთვის", - აცხადებს გაგა აფციაური.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქები გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავეა, თუმცა ზუსტი გაყოფა ქუჩების მიხედვით ვერ მოხერხდა, ამიტომაც შესაძლებელია, 1 ქუჩაზე იყოს 2 ოლქი. როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, ოლქების გაყოფა ძირითადად მოხდა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე და არა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. 

რუსთავის 7 მაჟორიტარული ოლქი შემდეგნაირად იქნება დაყოფილი:

1 ოლქი (ჭყონდიდელის დასახლება და ძველი რუსთავის ნაწილი);

2 ოლქი (ძველი რუსთავის ნაწილი);

3 ოლქი (მეგობრობის, თბილისის, 9 ძმა ხერხეულიძის, კლდიაშვილის, ფალიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები);

4 ოლქი (VII, VIII მიკრორაიონები, შარტავას, ახმეტელის, აფხაზეთის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები);

5 ოლქი (XI, XII მიკრორაიონები, თოდრიას, მარჯანიშვილის, ქუჩიშვილის, ლეონიძის, მესხიშვილის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები);

6 ოლქი (XX, XXI, XIV, XV მიკრორაიონები, ტაშკენტის, ჩერკასკის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები);

7 ოლქი (XVI, XVII, XVIII, XIX მიკრორაიონები, ფანცულაიას, აღმაშენებლის, მოდებაძის და აღნიშნული ქუჩების მიმდებარე ქუჩები).


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები