თვითნებურად გადაკეტილი ეზოები მოსახეობის ნაწილისთვის პრობლემას წარმოადგენს. გვერდის მომხმარებლები „ინფო რუსთავს“ საკითხით დაინტერესების თხოვნით არაერთხელ დაუკავშირდნენ. საბურავებით, ლითონის კონსტრუქციებით, ბეტონის ფილებითა და სხვა საშუალებებით გადაკეტელი ეზოები პრობლემას ქმნის სასწრაფო-სამედიცინო ან სახანძრო სამაშველო ეკიპაჟების გამოძახების დროსაც. მსგავსი შემთხვევა ბოლოს 24 ივლისს, კლდიაშვილის ქუჩაზე მოხდა, თვითნებურად გადაკეტილი ეზოსა და ალტერნატიული გზის არ არსებობის გამო, ეზოში უპრობლემოდ შესვლა მხოლოდ ერთმა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟმა შეძლო.
საკითხზე პასუხისმგებელი რუსთავის ზედამხედველობის სამსახურია. სამსახურმა თვითნებური კონსტრუქციებისგან ეზოების გაწმენდა გასულ წელს დაიწყო, თუმცა პროცესი სულ რამდენიმე კვირას გაგრძელდა. მოსახლეობის ნაწილი შეჩერებულ სამუშაოებს არჩევნებს უკავშირებს. მათი ვარაუდით, სამსახურს არ სურდა არჩევნების წინ მოსახლეობის გაღიზიანება გამოეწვია, ამიტომ სამუშაობი შეაჩერა.
„ინფო რუსთავმა“ აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება არაერთხელ სცადა, თუმცა ლევან კუპატაძე ჩვენს მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.