რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ დავით ბეგაშვილთან ერთად, ვაქცინაციის ცენტრებში, კოვიდმიმღებ კლინიკებსა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა და კლინიკებში პანდემიის მართვის კუთხით არსებულ სიტუაციას გაეცნო.
როგორც ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ტაბაღუას თქმით, პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციის ალტერნატივა არ არსებობს.
"პაციენტების რაოდენობა ბევრია. ვამჩნევთ ყველა, ვინც ამ შემოვლის პროცესს ესწრება, რომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას, ჩვენს რუსთაველებს, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. ამის ფუფუნება არის ქალაქში. არის კლინიკები, სადაც რეგისტრაციის გარეშეც შეიძლება ვაქცინაცია და მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი", - აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.
კოვიდმიმღები კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, პაციენტთა მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში საგრძნობლადაა გაზრდილი, ისინი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.
ინფორმაციისთვის, რუსთავში სამი კოვიდმიმღები კლინიკა ფუნქციონირებს, ინფიცირებულ მცირეწლოვან პაციენტებს მკურნალობენ ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშიც.
მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი, ამ ეტაპზე, ქალაქის ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს, ხვალიდან კი ამცრელი პუნქტი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშიც გაიხსნება.