ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
რეხვიაშვილი მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის რუსთავის ფილიალში, "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა.
მხარის რწმუნებულმა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ესაა პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა.
"მშვენივრად ვგრძნობ თავს. მასობრივი ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ხსნა პანდემიის დასამარცხებლად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცოხლეს. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გადავიტანეთ ქვემო ქართლში და ყველა ოჯახს შეეხო ის ეკონომიკური პრობლემები, რაც მოყვა ჩაკეტვებს და მკაცრ რეგულაციებს, ამიტომ სწრაფად უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც აბსოლუტურად უმტკივნეულოა. მოვუწოდებ ყველას ვაქცინაციისკენ", - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში, ამ დროის მონაცემებით, 24 000-მდე პირია აცრილი, რაც საკმარისი არაა.
"მოიმატა ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი და აქტიურ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს მოსახლეობა, რომ დავამთავროთ ეს გაურკვევლობა, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და ქვეყნის მომავალიც იყოს სტაბილური. არ კმარა ის აქტივობები, რაც არის. რეალურად, 24 000 ადამიანია მთლიანად მხარეში აცრილი, რაც არის ძალიან მცირე რაოდენობა. დღევანდელი აქციაც ამას ემსახურება, რომ უფრო მეტი ნდობა მოიპოვოს ამ უმტკივნეულო პროცესმა, შევინარჩუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე", - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.