რუსთავში, ქართლი ტექსტილთან პოლიცია იყო მობილიზებული

2021-08-04 20:51:10

რუსთავში, ქართლი ტექსტილის საწარმოსთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟ იყო მობილიზებული.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საწარმოში დასაქმებულთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სამუშაო პროცესი შეაჩერეს. მათი განცხადებით, საწარმოში მუშაობა კოვიდინფიცირების ერთად უწევთ და ხელმძღვანელ პირებს სთხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

პროტესტი მალევე შეწყდა და დასაქმებულებმა სამუშაო პროცესი განაახლეს.

"ინფო რუსთავი" ქართლი ტექსტილის ხელმძღვანელს გია ლომინაძესაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ საწარმოში კოვიდინფიცირებულ ადამიანებს არ ამუშავებენ და გარკვეული პირები ჭორების გავრცელებას ცდილობენ.

"ვინც 112-ში დარეკა, ეს პიროვნება ჩვენთა მუშაობდა თებერვლის თვეში მხოლოდ და მხოლოდ 10 დღით, ახლა ჩვენთან არ მუშაობს. ვიღაცა ავრცელებს ჭორებს და არ ვიცი რატომ. წინა კვირას იყო გაფიცვა, თუმცა მაშინ ყველაფერი დალაგდა.

როცა კოვიდი მასიურ სახეს იღებს, მისგან დაცული არავინაა. ჩვენ ყველა ახალ თანამშრომელს სისტემატურად უტარდებათ სწრაფი ტესტები, ტარდება დეზინფექცია. გვაქვს ულტრაიისფერი ნათების ნათურები, რომელსაც ვათავსებთ ჩვენს სატრანსპორტო საშუალებებში და მთელი ღამე ჩართულია საწარმოს ტერიტორიაზეც. ეს ნათურები კლავს ბაქტერიას.

თანამშრომლებს ურიგდებათ პირბადეები, სიცხე ესინჯებათ ყოველდღიურად, როგორც ავტომობილში, ასევე საწარმოში. მაგრამ ვირუსისგან დაზღვეული არავინ არა ვართ. რას ფიქრობთ, კოვიდინფიცირებულ ადამიანს ვამუშავებ? მაშინ მთელს საწარმოში გავრცელდება. ამას არავინ არ გააკეთებს. ჩვენთან არის მასა ხალხისა და არის ბევრი პროვოკატორი და ინტრიგანი.

პროტესტის დროს ჩვენს თანამშრომლებს ვუთხარით, რომ თუკი ვინმეს ვირუსის ეშინია, ან ვინც ინფიცირებულია წასულიყვნენ სახლში",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ქართლი ტექსტილის ხელმძღვანელმა გია ლომინაძემ.