რუსთავში, თეატრის უკან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია.
სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად და შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა.
"სამუშაოების ფართობი და სპეციფიკა არ არის მარტივი. ძალიან ბევრჯერ მოხდა პროექტის დაკორექტირება, რის დროსაც გარკვეული სამუშაოების ამოღება და ახლით ჩანაცვლება ხდება. მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სამსახური ორიენტირებულია, რომ მუშა პროცესში პროექტი გამოვიდეს უფრო მომხიბვლელი და ლამაზი. ალბათ ერთი თვე საკმარისი იქნება, რადგან გარკვეული სამუშაოების მოცულობები გაიზარდა, ასევე მოხდება ხარვეზების გამოსწორება",- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.
როგორც შპს "გიკოს" ხელმძღვანელმა პაატა ფოცხვერაშვილმა, "ინფო რუსთავს" განუცხადა, სამუშაოების შეფერხების მიზეზი გაზაფხულზე ნალექიანი დღეების სიმრავლე იყო.
"გაზაფხული იყო ძალიან ნალექიანი. 40-45 დღე იყო წვიმიანი, რამაც დაგვწია უკან, თორე სამუშაოები მიდის თავისი განრიგით. 20 დღიდან ერთ თვემდე დაგვჭირდება ვადების გადაწევა. დანარჩენი ჩავეტევით ყველაფერში",- განაცხადა პაატა ფოცხვერაშვილმა.
ქალაქის მერმა კომპანიას სამუშაოების დასრულების ბოლო ვადად 10 სექტემბერი განუსაზღვრა.
აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტიდან 2 000 000 ლარამდეა გამოყოფილი და პროექტის მიხედვით, სკვერში მოეწყობა ბორდიურები და ფილით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, დაიდგმება დეკორატიული და საპარკო სკამები, ასევე დეკორატიული სკამები საჩრდილობლით, მოეწყობა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე გასართობი მოედანი ბავშვებისთვის.