"სასწრაფო სასწრაფოზეა"

2021-08-04 13:08:47

რუსთავის სამედიცინო დაწესებულებების ნაწილში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ, ამ დროისთვის თავისუფალი ადგილები არ არის, ხოლო ნაწილში არის.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

როგორც კლინიკა "რუსთავის" სამედიცინო ხელმძღვანელმა განგვიცხადა, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფიცირებულებისთვის 88 საწოლია გამოყოფილი და ყველა მათგანი დაკავებულია. 20 კოვიდინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

საჭიროების შემთხვევაში ადგილის გამონახვა შესაძლებელია ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში, ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კლინიკის ხელმძღვანელმა, პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

"კოვიდისთვის გამოყოფილია 90 საწოლი. ცხელების თავისუფალ საწოლებს თუ არ ჩავთვლით, ძირითადად შევსებულია.

თუ პაციენტმა თვითდინებით მოგვმართა და აქვს სიმპტომები, რომ სტაციონარს საჭიროებს, ცხელების ცენტრში თავსდება. ამის საშუალება არის, ხდება პაციენტების გამოკვლევა.

სტაციონარული საწოლების ბრუნვა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. ჯერ-ჯერობით პრობლემა არ შეგვქმნია. რეანიმაციაში ამ დროისთვის 8 პაციენტი წევს. მომართვიანობა გაზრდილია, სასწრაფო სასწრაფოზეა. თუმცა შეთანხმებულად მოქმედება მიდის. ადგილებზე ჯერ-ჯერობით პრობლემა არ გვაქვს",- განუცხადა ბახტაძემ "ინფო რუსთავს".

რუსთავის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, ამ დროისთვის 6 თავისუფალი ადგილია.

ამის შესახებ ინფორმაცია კლინიკის ხელმძღვანელმა გიორგი გიორგაძემ მოგვაწოდა. სულ სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფიცირებულებისთვის 96 საწოლია გამოყოფილი. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დროისთვის 10 პაციენტია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1934 ადამიანი, ხოლო 38 გარდაიცვალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები