"რაც იქნა ინტენსიურად განხილული და დათანხმდა საბჭო, გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარებაზე დახურულ შენობებში, ასევე დაწესდეს რეკომენდაცია და პირბადის აუცილებელი ტარება 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში", - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს.
„განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება ნებისმიერი სახის თავყრილობაზე - იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, ფესტივალი თუ სხვა. ეს დავალება შესაბამის ორგანოებს მიეცა და აღსრულება აუცილებლად გამკაცრდება.
ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე ადამიანები დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით ან „პი სი არ“ თუ სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ.
თუ ეს და კიდევ რამდენიმე ჩვენი წინადადება შესაბამისად არ იქნება აღსრულებული, მაშინ სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე გვექნება ინიციატივები. ჩვენ ყველა პარამეტრით დღეს გვაქვს იმის საფუძველი, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები“, - განაცხადა გამყრელიძემ.