პირმა მოტყუებით 6 მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა [video]

2021-08-02 11:18:14

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს. [ვიდეო/video]

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა საკარმიდამო/საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად თითქოსდა ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებული, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე  სახელმწიფოს კუთვნილი 6 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 28 800 მ2. საქმეზე დანიშნული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 919 977 ლარს.  

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.