რუსთავში „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შენდება

2021-07-30 14:12:37

რუსთავში 150 ბენეფიციარზე გათვლილი „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი“ შენდება.
მესხიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ბავშვთა უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე დავით სერგეენკო, რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე დავით იშხნელი გაეცნენ.

„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრის“ მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურსა და რუსთავის მერიას შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარეობს.

პროექტის ღირებულება 779 750 ამერიკული დოლარია და მისი დასრულების შემდეგ, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს სარეაბილიტაციო სერვისის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.    
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტი სოციალურ პროგრამასაც ახორციელებს.
პროგრამა ბენეფიციარების შემეცნებითი, თვითმოვლის, მოტორული, სოციალური განვითარების  და კომუნიკაციური უნარების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.