პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 3 აგვისტოს დანიშნავს. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს.
კანონმდებლობით საკრებულოებისა და მერების მორიგი არჩევნების დროდ საარჩევნო წლის ოქტომბრის პირველი შაბათი განისაზღვრა. შესაბამისად, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება.
ამასთან, 3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება. შესაბამისად, ამ დღიდან მთელი რიგი რეგულაციები და შეზღუდვები იწყებს მოქმედებას, რასაც წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლის მოსყიდვის საწინააღმდეგოდ, რიგი აკრძალვები იწყებს მოქმედებას.
“საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, აკრძალულია - საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა).
ასევე, იკრძალება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება.
საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით აღნიშნულ საქმიანობას განახორციელებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, რეგისტრაცია უუქმდება.
3 აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე იწყება.