ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე წესები მკაცრდება

2021-07-27 17:19:40

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის განსხვავებული სანქციები დაწესდება და ის მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობაზე იქნება დამოკიდებული.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში:

თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0,3 და არაუმეტეს 0,7 პრომილეა, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.