ბათუმში პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრა დასრულდა.
მიშელის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიიღწა.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებსა და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა“, - განაცხადა მიშელმა.
შეხვედრიდან გამოსულმა ღარიბაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მხრიდან შეთანხმების დროს მიღწეული ყველა ვალდებულება და პირობა სრულდება და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან.
„ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.