პური გაძვირდა

2021-07-17 13:58:22

საქართველოში პური გაძვირდა. პურის საწარმოების დიდმა ნაწილმა მთავარ სამომხმარებლო პროდუქტზე ფასი 10 თეთრით გაზარდა. როგორც დღეს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განმარტა, ფასის კორექტირების მთავარი მიზეზი ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის დასრულება და პურის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მაღალი ღირებულება გახდა.

10 თეთრით პურის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო კომპანია „იფქლმაც“. როგორც პურის საწარმოს ხელმძღვანელი განმარტავს, ყველა დასახელების იფქლის პურზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა, თუმცა სარეალიზაციო ქსელები გაძვირებულ პროდუქტს კიდევ 10 თეთრით ძვირად ყიდიან. მოსახლეობისთვის მთავარი სამომხმარებლო პროდუქტზე ფასის ზრდის მთავარ მიზეზად ამ შემთხვევაშიც ფქვილის სუბსიდირების პროგრამის დასრულება და პურის ფასის სხვა მდგენელების მაღალი ღირებულება სახელდება.

აღსანიშნავია, რომ პურზე ფასის ზრდის შეჩერება სახელმწიფოს ფქვილის სუბსიდირებსი პროგრამის ფარგლებში გასული 7 თვის განმავლობაში 16 მილიონ ლარამდე დაუჯდა.