დიპლომატიური კორპუსი შსს-ში

2021-07-13 11:19:42

ჩვენ დიპლომატებს გუშინ შეხვედრა გვქონდა შსს-ში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ იმედგაცრუება კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის, თბილისში 5 ივლისს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების გამო, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, დიპლომატებმა მთავრობას ყველა მოქალაქის უფლებების დაცვისკენ მოუწოდეს.

„განხეთქილების გამომწვევი სიტყვების ნაცვლად, მთავრობას მოვუწოდეთ, აიღოს ვალდებულება დაიცვას ყველა, მათ შორის უმცირესობა და პრესა“, - აცხადებს ელჩი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ვახტანგ გომელაურმა ელჩებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა 1, 3, 5 და 6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმრებს გააცნო „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში სამინისტროს მიერ მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მათი უსაფრთხოების დაცვის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.

ვახტანგ გომელაურმა ასევე ისაუბრა  5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციის დროს, მასმედიის სხვადასხვა  წარმომადგენლების, ოპერატორებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის და მათ მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს  დეტალურად გააცნო აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები და ამ ეტაპზე არსებული ვითარება. მან აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად დაისჯება ყველა ის პირი, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც გამოიკვეთება გამოძიების ფარგლებში.