აქცია პარლამენტთან

2021-07-11 18:34:33

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი არიან როგორ საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები.

აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ყველა იმ ადამიანის კანონის სიმკაცრით დასჯას ითხოვენ, რომლებიც ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს.

ამასთან, მათი მოთხოვნაა რადიკალური დაჯგუფებების აქციის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა.


ამასთან, აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ისინი ამ ფორმით გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 2 დღის წინ გაწერეს.

ლექსო ლაშქარავა 38 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.