ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი ერთნაირი იქნება

2021-07-09 15:57:45

2022 წლის 31 დეკემბრიდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. შესაბამისი მოთხოვნა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტშია გაწერილი. კერძოდ, მე-6 მუხლის ქვეპუნქტებში, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება.

როგორც „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონშია მითითებული, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის ახალი სტანდარტიზების წესის დამკვიდრების მიზანია თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით, თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

სიახლე გულისხმობს, რომ ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფზე აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. კოლოფზე დატანილი უნდა იყოს ბრენდების სახელები მხოლოდ ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც.