როგორ იშორებენ "არასასურველ ხეს".

2016-11-23 20:14:14

ხშირად ყოფილა რომ იმ ადგილზე სადაც ჩვენ წლებია დავდივართ ხეები მოულოდნელად ხმება, რამდენიმე თვეში კი მიმდებარე ტერიტორიას შემოღობავენ და ან ავტოსამრეცხაოს ააშენებენ ან ავტოპროფილაქტიკას ან სხვა კომერციულ ობიექტს გახსნიან. "ინფო რუსთავს" ერთერთი კორპუსის მაცხოვრებელი დაუკავშირდა და მისი საცხოვრებელი სახლის წინ მოულოდნელად გამხმარ ნაძვზე ინფორმაცია მიაწოდა, ჩვენ გავედით ადგილზე და ვნახეთ რომ ხეს ხმობა უკვე დაწყებული აქვს, ძირში ერთ მხარეს კი მუქი შეფერილობის სითხე უსხია (როგორც ცნობილია ასეთ შემთხვევებში ხეს სპეციალურ ნივთიერებას უსხავენ რომ მალე გახმეს). ნაძვის შორიახლოს მშენებლობა უკვე გაჩაღებულია, ანონიმური წყარო გვეუბნება რომ მალე ამ ადგილზეც სავარაუდოდ მშენებლობა დაიწყება და "ხის მოშორებაც" იმიტომ გადაწყვიტეს. "ინფო რუსთავი" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა და მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიღება ვითხოვეთ. აღნიშნულ სამსახურში განგვიცხადეს რომ მათი მხრიდან ხშირად ვერ ხერხდება კონკრეტული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება და შესაბამისად სანქციებიც არ ხორციელდება. ასევე თვალსაჩინოა ის ფაქტი რომ თუ მიწას უკვე ჰყავს მეპატრონე მას შეუძლია ხე ისე მოჭრას რომ არავის არაფერი არ ჰკითხოს. რაც შეეხება მიწის გასხვისება-გაყიდვას, თუ ტერიტორია თვითმართველობამ გაყიდა და აღნიშნულ მიწაზე უკვე არსებობს მცენარეები მაშინ მიწის მეპატრონე ვალდებულია რომ თუ იგი გადაწყვეტს ხეების მოჭრას შორიახლოს გადარგოს იგივე რაოდენობის ნერგები. ამ ვალდებულებას ხშირად მიწის მეპატრონეები არ ასრულებენ, ან თუ ასრულებენ ხეების გახარებას წლები სჭირდება და გარკვეული პერიოდის მერე უკვე აღარავის ახსოვს ვალდებულებები შესრულდა თუ არა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება ვინ გაახმო ხე ან იგეგმება თუ არა მის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობა (შესაბამისად არც კონკრეტულ ლოკაციას ვასახელებთ), თუმცა იდენტური ფაქტების შესახებ ალბათ ბევრჯერ გაგვიგია და ამ ინფორმაციის გაჟღერებაც იმას ემსახურება რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.