გაბუნია: ეს მოლოდინი მალე დასრულდება

2021-07-08 13:08:26

"მოქალაქეების ნაწილი „ფაიზერს“ ელოდება და ეს მოლოდინი მალე დასრულდება", - განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისივე თქმით, „ფაიზერის“ მობილიზებული რაოდენობა მხოლოდ ნახევარ მილიონ ადამიანს ეყოფა.

„მომართვიანობა დღეს „სინოფარმზე“ არის, მაგრამ არა ისეთი, როგორიც იყო პირველად „სინოფარმის“ შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“ და ელოდება მის შემოსვლას ქვეყანაში. მათი მოლოდინი არის რეალისტური, მოლოდინის პროცესი მალე დასრულდება და გადავალთ „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე.

რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ექნებათ ვაქცინაციის საშუალება, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე არის, დაახლოებით, მილიონ 700 ათასი მოქალაქე, ვინც უნდა აიცრას წლის ბოლომდე. „ფაიზერის“ გარანტირებული დოზები, რომლებიც მობილიზებული გვაქვს, არის საკმარისი დაახლოებით ნახევარი მილიონი მოქალაქისთვის. ეს არჩევანი ლიმიტირებული იქნება და მოლოდინის პროცესში ჩვენს ლიმიტირებულ დროს ვკარგავთ. „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“ ყველა არის მაღალი ეფექტიანობის ვაქცინა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოქალაქეებს არჩევანის უფლება აქვთ, თუმცა ამან "არ უნდა დაგვაკარგინოს ძვირფასი დრო".