დათვი უკანონო ტყვეობიდან გაათავისუფლეს

2017-07-29 13:07:49

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ ახალციხეში, რესტორან "ედემის" მიმდებარედ ტყვეობაში მყოფ დათვთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინეს - პირის მიმართ, რომელსაც დათვი უკანონო ტყვეობაში ჰყავდა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

დეპარტამენტის თანამშრომლების ზედამხედველობითა და უშუალო მონაწილეობით, დათვი, დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, ცხვარიჭამიაში არსებულ, თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარს გადაეცა. აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეტყობინების შემოსვლის მომენტიდან, მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, განვმარტავთ, რომ დათვის მათთვის გადაცემისა და ტრანსპორტირების პროცესში, დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან, რაიმე ტიპის შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები. ადამიანებს მიჩვეული დათვების უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება, რთული პროცესია - ტყვეობაში მყოფ ცხოველს ეკარგება საკვების მოპოვების ინსტინქტი, ადამიანის შიში და ბუნებაში გაშვების შემთხვევაში, პოტენციური თავდამსხმელი ხდება.