ქრთამის აღების ფაქტი

2021-07-07 11:13:31

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის  სანაცვლოდ, ცხოველთა სასაკლაოზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, ისე, რომ რეალურად არ შეამოწმა ხორცპროდუქტის ვარგისიანობა, მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.