არეულობა თბილისის ცენტრში

2021-07-05 12:18:28

მოძრაობა სირცხვილიას ოფისი ალყაშია. თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები სირცხვილიას ოფისის მიმართულებით ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მანამდე საქართველოს პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი, სადაც გადაწყდა, რომ ყველა იმ ადგილზე მივლენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ მომხრეთა ოფისები მდებარეობს.

ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირებიც. თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები აგრესიულები არიან ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ. ნაცემია რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თბილისი პრაიდის" კვირეულის ბოლო დღეა, თუმცა რადიკალური ჯგუფების მიერ ძალადობრივი ქმედებების გამო შესაძლოა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დღის წესრიგში გარკვეული ცვლილებები შეცვალონ, თუმცა ისინი მარშის დღეს გამართვაზე უარის თქმას არ აპირებენ.

ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები გრძელდება.

გეგმის მიხედვით, "გამოდი სოლიდარობისთვის" - ასეთია სლოგანი. მსვლელობა 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე უნდა დაიწყოს და დედაენის ბაღთან დასრულდეს.