საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა

2021-07-02 12:11:02

შეიცვალა საქართველოში შემოსვლის წესები. სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, 5 ივლისიდან, საჰაერო საზღვრის კვეთისას ვაქცინირებული პირები ვალდებულნი იქნებიან კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, წარმოადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

შეგახსენებთ, ამ საკითხზე მსჯელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გაავრცელა.

„აქტიურად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ტურისტი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, მიუხედავად ვაქცინაციის სტატუსისა, შემოწმდეს ტესტირების საშუალებით. 72 საათში ტესტირების მოთხოვნა დღესაც გვაქვს, თუმცა, ვაქცინაციის სტატუსი ამ შემთხვევაში არის გამონაკლისი და არ მივიჩნევთ საჭიროდ, რომ ტესტირება ასეთ ტურისტებს ჩაუტარდეს, დღევანდელი მდგომარეობით. თუმცა, სამომავლოდ ამ რისკების გათვალისწინებით, იგეგმება ტესტირების სქემის გააქტიურება შემომავალი ვაქცინირებული ტურისტებისთვის 72 საათში ერთხელ ტესტირების რეჟიმის გამართვა ქვეყანაში“, – ამბობდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ივნისის ბოლოს.