20-მდე აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

2021-07-01 11:07:40

20-მდე აბიტურიენტი კოვიდინფექციის გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ვერ გავიდა, თუმცა, ისინი გამოცდას დამატებით სესიაზე ჩააბარებენ. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.

„ზუსტად 8:00 საათზე დაიწყო რეგისტრაცია პირველ სესიაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუფიქსირდა და ისინი ცალკე სესიაზე იქნებიან დაბარებული.

რაც შეეხება რეგულაციებს, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მოუწევთ პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში. გარდა ამისა, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს გვაქვს ორი სესია - დილის და შუადღის სესია. აბიტურიენტები შემობრძანდებიან, გაივლიან თერმოსკრინინგს და დეზობარიერს, დაიმუშავებენ ხელებს და ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია. მერხები დისტანციით არის განლაგებული და თითოეული მერხის წინ განთავსებულია ფარი“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.