პირველი ივლისიდან საქართველოში მხოლოდ უსაფრთხო სათამაშოები უნდა გაიყიდოს. შესაბამისად, იკრძალება ისეთი სათამაშოების გაყიდვა, რომლებიც არ აკმაყოფილებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს.
ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს დრო 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაავადა.
ამ რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები - სათამაშოების მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიმართ.
2021 წლის 23 ივნისს მთავრობამ ამ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ რა არის მეორეული სათამაშო. ამასთან, მეორეული სათამაშოს იმპორტიორებს გარკვეული ვალდებულებებიც დააკისრეს.
მაგალითად, „მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის მეორეული სათამაშო, რომელიც შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს. იმპორტიორი ვალდებულია მეორეული სათამაშოს იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე მოახდინოს იმ ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური, ელექტრული, აალებადობის, ჰიგიენური და რადიოაქტიური საფრთხეების ანალიზი, რომლებსაც შესაძლოა იწვევდეს სათამაშო და შეაფასოს ასეთი საფრთხეების პოტენციური ზემოქმედება“.
ვალდებულებები დაეკისრათ დისტრიბუტორებსაც. მაგალითად, „მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია - თუ მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მეორეული სათამაშო არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს - არ განათავსოს მეორეული სათამაშო ბაზარზე, სანამ შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი, რომელსაც მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მეორეული სათამაშო არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული მეორეული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მისი ამოღება ან გამოთხოვა“.
რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით, რეგლამენტის მოთხოვნები სათამაშო წიგნებზე გავრცელდება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან.
რეგლამენტის მიხედვით კი, „სათამაშო წიგნია“ პროდუქტი, რომელსაც აქვს წიგნის მახასიათებლები, ასევე განიხილება სათამაშოდ (სათამაშო წიგნი), მათ შორის: ა) ნაჭრის ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით; ბ) პლასტიკური მასალის წიგნი, მარტივი სურათებით; გ) ტრანსფორმირებადი წიგნი დასაკეცი და გასაშლელი ელემენტებით; დ) გასაფერადებელი წიგნი; ე) წიგნი ხელშესახები (სენსორული) ელემენტებით; ვ) ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით, რომელიც შეხების შედეგად რეაგირებს (შეხება და მოსმენა); ზ) სტიკერებიანი წიგნი, მარტივი სურათებითა და ტექსტით; თ) წიგნი, რომელსაც თან ახლავს სათამაშო“.