რუსთავის რომელ სკოლას ჰყავს ყველაზე დაუმორჩილებელი მოსწავლეები

2021-07-29 17:28:58

რუსთავში, 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში გაკვეთილის ჩაშლის/ჩაშლის მცდელობის 21 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ყველაზე მეტი, 5 შემთხვევა გამოვლინდა #1 საჯარო სკოლაში, ხოლო ყველაზე ნაკლები გაკვეთილი ჩაიშალა ან ამის მცდელობა იყო #6 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სხვა დანარჩენ სკოლებში, ასეთი თითო-თითო ფაქტია დაფიქსირებული.

ამ კუთხით, #1 საჯარო სკოლა ლიდერი იყო 2020-2019 სასწავლო წლის განმავლობაშიც.

რუსთავში არსებულ საჯარო სკოლებში, 2020-2019 წელს, გაკვეთილის ჩაშლის/ჩაშლის მცდელობის 166 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ყველაზე მეტი, 34 შემთხვევა ისევ #1 საჯარო სკოლაში გამოვლინდა, ხოლო ყველაზე ნაკლები - #4 საჯარო სკოლაში.

სხვა დანარჩენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასეთი 2-2 ფაქტია დაფიქსირებული.

"ინფო რუსთავი" იმის გასარკვევად, რა იწვევს ზედიზედ 2 წელია აღნიშნულ სტატისტიკაში ლიდერ პოზიციაზე ყოფნას, #1 საჯარო სკოლის დირექტორს, გულთამზე შკუბულიანს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ეს რიცხვი საგანგაშო სულაც არაა.

"ეს არ არის ბევრი შემთხვევა. ვთვლი, რომ ჩვეულებრივი რაოდენობაა, რაც არ არის საგანგაშო, რადგანაც გაკვეთილი არ ჩაშლილა და იყო მცდელობა. მე სხვა სკოლებზე ვერაფერს გეტყვით, პასუხისმგებელი ვარ ჩემს სკოლაზე. ძირითადად შემთხვევები ფიქსირდება დაწყებით კლასებში და ეს ჩვეულებრივი ამბავია, როცა ისინი რაღაცის გამო ერთმანეთს პრობლემას უქმნიან და მასწავლებელი გაკვეთილს წყვეტს, ეს არ ნიშნავს, რომ გაკვეთილი ჩაიშალა", - აცხადებს სკოლის დირექტორი.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები