მწერის ნაკბენით კლინიკაში მოხვედრის ფაქტები რუსთავში

2020-06-18 15:27:25

რუსთავის კლინიკებში მწერების ნაკბენებით მიმართვიანობა გაიზარდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, გაზაფხულის თვეებთან შედარებით, ზაფხულში მიმართვიანობამ იმატა.

ივნისში, ამ დროის მონაცემებით, კლინიკაში მწერის ნაკბენით 10-მდე პირი მოხვდა.

როგორც ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი პაპუნა ბახტაძე აცხადებს, ძირითად შემთხვევებში, მწერების იდენტიფიცირება ჭირს, რადგანაც პაციენტების დაკბენა ბალახებში ხდება. თუმცა, მისი თქმით, იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან, კრაზანის ნაკბენით კლინიკაში მოხვედრის ფაქტები ჭარბობს.

"ბოლო პერიოდში ოდნავ მოიმატა. მანამდე ფიქსირდებოდა 3-4 შემთხვევა თვის განმავლობაში. ძირითადად, არის მწერები, რომლებსაც პაციენტები ვერ აფიქსირებენ, რადგანაც, შესაძლოა, ბალახში მუშაობდა და ამ დროს დაკბინა. რაც შეეხება იდენტიფიცირებულ შემთხვევებს, ძირითადად მოდის კრაზანებზე.

კლინიკაში ხვდებიან ისეთი მწერის ნაკბენით, რომელმაც გამოიწვია რეაქცია. ეს რეაქცია არის ადგილობრივი შეშუპება, სიწითლე ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ინტოქსიკაცია, როდესაც რამდენიმე ბზიკმა ერთდროულად უკბინა. სიცხეებთან ერთად მწერები, რა თქმა უნდა, მოიმატებს. რუსთავში პარკია აქვე, ტყე არის, მაგრამ ისე, რომ სასიცოცხლო რისკი გამოეწვია, ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა", - აცახდებს პაპუნა ბახტაძე.

ბახტაძის ინფორმაციითვე, თუ კბენის შემდგომ სწრაფი ალერგიული რეაქცია განვითარდა, სასურველია ბევრი სითხის მიღება და ნაკბენის ანტისეპტიკით დამუშავება, სანამ პირი კლინიკას მიმართავს.