ცხრა ძმა ხერხეულიძის 9 ნომერში არსებულ საცხოვრებელ კორპუსში, რომელსაც დღეს ცეცხლი გაუჩნდა, ექსპერტები გვიანობამდე მუშაობდნენ და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენდნენ. „ინფო რუსთავი“ ბინის მაცხოვრებლებს გაესაუბრა, რომლებმაც ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნეს, რომ ცეცხლი სახურავზე, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან გავრცელდა. მათივე თქმით, ამ დრომდე არსებობს საშიშროება იმის, რომ ხანძარი ისევ გაჩნდეს. მაცხოვრებლების განცხადებით, წინა დღეებში ელექტროსადენებიდან ნაპერწკლები ცვიოდა, რის გამოც ისინი რამდენჯერმე დაუკავშირდნენ კომპანია „ენერგო პროს“ და ადგილზე მისვლა სთხოვეს. ამ მომენტისთვის კორპუსს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა და აღნიშნულ მისამართზე კომპანია „ენერგო პროს“ თანამშრომლებს ელოდებიან, რათა საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სახლში შესვლა უსაფრთხოა. ეზოში გვიანობამდე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც.
არსებული ინფორმაციით ცეცხლის გაჩენის შედეგად 4 ოჯახი დაზარალდა, საცხოვრებელი კორპუსის სახურავი კი მთლიანად დაიწვა.