ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი იხსენებს, რა დასჯის მეთოდები არსებობდა პანსიონში, ვინ აღასრულებდა მათ და როგორ ექცეოდნენ აღმზრდელები განსხვავებული კანის ფერის და გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვებს.
ფორმულას ინფორმაციით, ადამიანი, რომელმაც ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, პანსიონში 15 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
"იყო ძალიან მძიმე ფაქტები გინდ ჩემთან და გინდ სხვებთან მიმართებით. იქ იყო ბულინგი, იყო ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ. [გვცემდნენ] აღმზრდელები, რომლებსაც ვითომ კაბა ეცვათ და ღმერთი სწამდათ, სინამდვილეში კი შიგნით ჯოჯოხეთი ჰქონდათ დატრიალებული.
[გვცემდნენ] ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და ძალით გვაძინებდნენ, თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, არ ვისწავლიდით და მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით, კუთხეში", - ყვება ის.
ყოფილი ბენეფიციარის თქმით, მისი პანსიონში ყოფნის პერიოდში ბავშვების სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ არ სმენია.
"იყო ფაქტები, როდესაც თვითონ აღმზრდელებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მეუფე სპირიდონი ადრე იყო ნასამართლევი 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე და ეს საბუთები საპატრიარქომ გაანადგურა, დაწვა", - თქვა მან.
ყოფილი აღსაზრდელმა ასევე მოყვა, როგორც შეარქვა პედაგოგმა ერთ-ერთ ბავშვს ზედმეტსახელად "მოსიარულე ფსელი".
"იყო ერთი ამერიკიდან მოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძაან აბულინგებდნენ თუნდაც კანის ფერის გამო. იყო ბავშვი, რომელსაც გენეტიკური დაავადება ჰქონდა და იფსამდა 18 წლამდე და მერეც და თვითონ პედაგოგებმა შეარქვეს "მოსიარულე ფსელი" და შემდეგ მთელი ბავშვთა სახლში ასე ეძახოდა", - იხსნებეს ყოფილი აღსაზრდელი.