სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიცირების ფაქტი

2021-05-31 11:14:31

ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის მორიგი ფაქტი გამოავლინდა და სისხლისსამართლებრივი დევნა ორი კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში და ქ. თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე მაღაზიებში და საამქროებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად ახდენდნენ სხვადასხვა მოცულობის სადეზინფექციო საშუალებების დამზადებას, დაფასოებასა და რეალიზაციას.

მათივე ცნობით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, საწარმოებისა და სარეალიზაციო ობიექტების ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული სადეზინფექციო საშუალებები.

„ექსპერტიზით დადგენდა, რომ ზემოხსენებული კომპანიების მიერ წარმოებულ სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, პროდუქცია არ შეიცავს ეტიკეტზე მითითებულ ნივთიერებებს და არ აკმაყოფილებს დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ჰიგიენური დასკვნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1971 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.