"ორმაგი მუტანტი"

2021-05-30 18:35:41

კორონავირუსის ინდური შტამი პირველად ოქტომბერში დააფიქსირეს ინდოეთში და მას შემდეგ მთელ რიგ ქვეყნებში გავრცელდა. ინდური შტამი უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახალი შტამი უცხო ქვეყნიდან შემოსულ 5 მოქალაქეს აღმოაჩნდა.

დღეისათვის ინდური შტამი 50 ქვეყანაშია დადასტურებული.

ინდური შტამი კორონავირუსის ჯერჯერობით ბოლო მუტაციაა. კორონავირუსის ახალმა შტამმა, როგორც ე.წ. ბრიტანულმა, სახელწოდება იმ ქვეყნის მიხედვით მიიღო, სადაც პირველად დააფიქსირეს.

ვირუსები განუწყვეტლივ განიცდიან მუტაციებს. მუტაციათა უმრავლესობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსი შეიძლება უფრო ადვილად გადამდები გახდეს.

დიდ ბრიტანეთში მიიჩნევენ, რომ ინდური ვარიანტი, რომელიც ცნობილია, როგორც შტამი B.1.617.2, უფრო სწრაფად ვრცელდება, კორონავირუსის საწყის ვარიანტებთან შედარებით.

ინდური შტამის გავრცელების სიჩქარე 50%-ით აღემატება ე.წ კენტის ვარიანტის გავრცელების სიჩქარეს.

არის თუ არა ინდური შტამი უფრო მომაკვდინებელი?

ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ინდური შტამით გამოწვეული დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობს ან უფრო მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს. ასეთი დასკვნის გასაკეთებლად არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები - აცხადებს ჯანმო.

რით არის განსხვავებული ინდური შტამი?

აქვს განსხვავებული თვისებები კლასიკური და ბრიტანული შტამისგან. მაგალითად, ახალგაზრდებში გვხვდება და მიმდინარეობს უფრო რთული ფორმებითაც. რაც კლასიკურ ვარიანტს, ვიცით, რომ ნაკლებად ახასიათებს.

ასევე აქვს განსხვავებული სიმპტომიც - ის კლასიკური კოვიდთან შედარებით უფრო მეტად მიმდინარეობს დიარეით.

მომქდებს თუ არა ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც?

დღეს არსებული წინასწარი მონაცემებით, ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, ფაიზერის, ასტრაზენეკას და მოდერნას ვაქცინები მოქმედებს ინდური შტამის წინააღმდეგაც სხვადასხვა პროცენტული მაჩვენებლით.

რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ჯერჯერობით მყარი სამეცნიერო ინფორმაცია არ ვრცელდება. გაჟღერდა, რომ ჩინური ვაქცინებიც ეფექტიანია, მაგრამ ზუსტად ეს პროცენტები არ იკვეთება.