"დღის განმავლობაში 30 000 ადამიანი გადაადგილდება რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და თბილისიდან რუსთავში.
შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საზგადოებრივი ტრანსპორტით ამ ადამიანების გადაადგილება",- დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე 2020 წლის 20 მაისს გააკეთა.
განცხადებიდან ერთი წელი გავიდა და საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რა ეტაპზეა აღნიშნული პროექტი და დაზუსტდა თუ არა საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალი.
როგორც "ინფო რუსთავს" დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, პროექტით უკვე გაწერილია, რომ 18 მეტრიანი ავტობუსები რუსთავის ახალ და ძველ ნაწილში, ცენტრალურ ქუჩებზე მეტალურგიული ქარხნის მიმართულებით გაივლის.
"რუსთავი-თბილისის ავტობუსები ქალაქ რუსთავის ძველ და ახალ ნაწილში, ცენტრალურ ქუჩებს გაივლის მეტალურგიული ქარხნის მიმართულებით და გააჩერებს ყველა იმ გაჩერებაზე, რომელიც ამ მარშრუტის მონაკვეთში არსებობს. რაც შეეხება დედაქალაქს, ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე, გულიას მოედანზე იქნება გამოყოფილი გაჩერებები, რომლის შემდეგ, მ/ს „ისნამდე“ გაჩერდება ავტობუსი ამ მონაკვეთში არსებულ ყველა გაჩერებაზე",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" თბილისის მერიაში.
თითოეული ავტობუსი ერთ გადაყვანაზე 130 მგზავრის გადაყვანას შეძლებს და სატრანსპორტო საშუალებები 15 წუთიან ინტერვალებში ივლიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ავტობუსების შესაძენად ტენდერი ივნისის თვეში გამოცხადდება. დედაქალაქი საერთო ჯამში 200 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას შეიძენს, საიდანაც 20 ერთეული რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მგზავრების გადაყვანისთვის გამოიყოფა.