მთავრობა შეზღუდვებს ხსნის

2021-05-25 13:37:05

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და იმოქმედებს იგივე რეჟიმი, რაც დღემდე საჰაერო საზღვართან მიმართებაში მოქმედებდა.

კერძოდ, სახმელეთო საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.
საქართველოში  შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში, ან - საქართველოში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ.

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე.