ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები თბილისში მსვლელობას განაგრძობენ.
რიონის მცველები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით გადაადგილდებიან, სადაც აქციის მონაწილეები საავტომობილო გზას ჩაკეტავენ.
"მოვუწოდოთ მთელ საზოგადოებას, რომ 26 მაისს მივიდნენ არა იმ აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ერთხელ და სამუდამოდ შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი, არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი და ამ პროცესში მივიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
მისივე თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
რიონის ხეობის მცველები საზოგადოებას მიმართავენ, შეურთდნენ მათ აქციას და სკანდირებენ: „გამოდი“, „გამოდი“.
ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:
კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.