"ნამოხვანჰესის" საწინააღმდეგო აქცია დაიწყო [photo]

2021-05-23 14:52:08

208 დღის შემდეგ ნამოხვანში დაწყებულმა პროტესტმა დედაქალაქში გადმოინაცვლა.

რესპუბლიკის მოედანზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია დაიწყო.

იქამდე სანამ მოედანზე შეკრებილებს სპეციალურად მოწყობილი სცენიდან რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი მიმართავდა, დოკუმენტური ფილმი აჩვენეს, რომელიც რიონის ხეობაში დაწყებულ 8 თვიანი პროტესტის პროცესს აღწერდა.

ადგილზე დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულებიც შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფებიან რუსთაველებიც. საავტომობილო კოლონა რუსთავიდან თბილისში, რესპუბლიკის მოედნისკენ ზუსტად 13:00 საათზე დაიძრა.

"რიონის ხეობის მცველები" ჰესის მშენებლობის შეწყვეტას რამდენიმე თვეა, უწყვეტად ითხოვენ. მათი განცხადებით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

კერძოდ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი „ნამახვანის ჰესების“ კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, გაუქმდეს „ნამახვანის ჰესების“ კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.