"ვაპირებ სამართლებრივ დავას"

2020-05-21 15:13:14

რუსთავის მერის მოადგილემ, ირმა მესხმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ დაუდასტურა, თუმცა მან საკითხის ირგვლივ დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

საინფორმაციო სააგენტო პოსტის დატოვების მიზეზების გასარკვევად თავად მესხს დაუკავშირდა.

როგორც მერის ყოფილი მოადგილე აცხადებს, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე არ დაუტოვებია და აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ მიიღო, რასთან დაკავშირებითაც აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას.

ირმა მესხი არ გამორიცხავს, მისი გათავისუფლება მართული პროცესი ყოფილიყო და მერს ამასთან დაკავშირებით მითითებები სხვა პირებისგან მიეღო, თუმცა არ აკონკრეტებს - ვისგან. 

"პირადი განცხადების საფუძველზე არ ვარ წასული, მერის გადაწყვეტილებით წავედი დაკავებული თანამდებობიდან. ჩემთვის უცნობია მიზეზი, რის გამო მიიღო ეს გადაწტყვეტილება ქალაქის მერმა. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი გადაწვეტილება. სამსახურეობრივად მე და ქალაქის მერმს არ გვქონია არანაირი აზრთა სხვადასხვაობა. წელიწადზე მეტი ვმუშაობდი, არ გვქონია არანაირი შენიშვნა, არანაირი კონფილიქტი. მეც მაინტერესებს, რას უკავშირდებოდა ეს გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, რომ მე და ქალაქის მერს არ გვქონია არანაირი პრობლემა მუშაობაში, ჩნდება ბუნებრივი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია იყოს მართული პროცესი, არ გამოვრიცხავ. აუცილებლად ვაპირებ დავას სასამართლოში, იმიტომ რომ ვფიქრობ, ჩემი გათავისუფლება არის საფუძველს მოკლებული", - განაცხადა მესხმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას, აცხადებს, რომ ჯერჯერობით პოლიტიკური გეგმები არ აქვს და არც არანაირი შეთავაზება მიუღია გახარიას გუნდისგან.

ინფორმაციისთვის, ირმა მესხმა ტაბაღუას მოადგილის თანამდებობა 2020 წელს დაიკავა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ვინ შეცვლის მას.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები