საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, Pfizer-ში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.
“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე”,- ნათქვამია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებულ პასუხში.
კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულებით. ამასთან, Pfizer-ის გლობალურ მედიასთან ურთიერთობის უფროსი მენეჯერი ამბობს, რომ შეთანხმების ზოგიერთი დეტალი მოლაპარაკების დასრულების შემდეგაც კონფიდენციალური იქნება.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 17 მაისს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო Pfizer-ის მილიონ დოზას, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს.
წყარო: "ფორმულა"