"დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი"

2017-07-20 11:29:01

19 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა. მოსამართლემ მიღებული გადაწყვეტილების განმარტებისას ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა. "დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი. მან გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი", - განაცხადა მოსამართლემ.

"თავიდან, სანამ დავფიქრდებოდი ჩემს მიერ ჩადენილ ქმედებაზე, არ მქონდა განზრახული პოლიციაში გამოცხადება. თუმცა, როდესაც გავიაზრე ყველაფერი, გადავწყვიტე გამოვცხადებულიყავი. ფოთში ვიყავი ზღვაზე, როდესაც მოვიდნენ სამართალდამცველები და მითხრეს, რომ პოლიციაში ვიყავი დაბარებული. მე მათ ჩემი ნებით წავყევი.
  თუ მიმალვა მინდოდა და მქონდა სურვილი არ მეთანამშრომლა გამოძიებასთან, არ ვაჩვენებდი, სად იყო დანა და გადავაგდებდი ზღვაში", - განაცხადა ახალაიამ.

საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ახალაიას მიერ დანაშაული ძალადობითაა ჩადენილი, თუმცა ის სექსუალური ხასიათის არ ყოფილა.
ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული.

მკვლელობაში ბრალდებული ფოთში, 18 ივლის დააკავეს.