დმანისში ვითარება ისევ დაიძაბა​

2021-05-17 18:25:47

დმანისის შესასვლელთან კვლავ დაიძაბა ვითარება.

როგორც ცნობილია, უსაფრთხოების მიზნით, დმანისში შესასვლელი დროებით გადაკეტილია და მოძრაობა შეზღუდული. შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა გადაადგილების შეზღუდვას, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფება ინფო რუსთავის გადამღები ჯგუფი. როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაპირისპირებული მხარეები ხელკეტებით და ქვებით არიან შეიარაღებულები. ისინი აგრესიას როგორც ერთმანეთის, ასევე პოლიციის და ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის გუშინ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესად გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა, ადგილობრივები არ იშლებიან და პერიოდულად კვლავ ხდება სიტუაციის გამწვავება.