ბევრი საუბრის მიუხედავად, მაინც არის დიდი სუფრები, თავყრილობები და შესაბამისად, ვრცელდება ინფექცია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, თუმცა, სიტუაცია არ არის მარტივი.
„საკოორდინაციო საბჭოზე იქნება მსჯელობა რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. სიტუაცია მარტივი არ გახლავთ. დღეს 29 გარდაცვლილი ადამიანი გვყავდა. ამიტომ ყველაფერი უნდა აიწონოს ძალიან მისხალ-მისხალ.
ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ელემენტი გამოჩნდა ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ანუ არ იზრდება დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში. საკმაოდ მაღალი ტესტირების ფონზეც კი, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, დადებითობის მაჩვენებლის დაღმასვლა შენარჩუნდა. ეს კარგია, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ძალიან დეტალური ანალიზი გაკეთდეს ეპიდსიტუაციის და იმისდა მიხედვით იყოს გადაწყვეტილება მიღებული ყველა შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, შემსუბუქება უფრო სწრაფი ტემპით შესაძლებელია, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აიცრება. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 85 000 აცრა. მაისში აცრის საშუალო მაჩვენებელი დღეში 3 600 გვაქვს, რაც 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე იყო მარტსა და აპრილში. მაგრამ გვინდა, რომ ეს საშუალო დღიური მაჩვენებელი მაისის ბოლოსთვის იყოს 5 000-ის ფარგლებში და თანდათან აცრების ტემპი იყოს უფრო ინტენსიური. ვნახოთ, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, მოსახლეობაში მოთხოვნა ბევრად იმატებს, ვიდრე ეს იყო მარტ-აპრილში და შესაბამისად, საჭიროა ვაქცინების სოლიდური მარაგების შექმნა, რათა ტემპი დავიჭიროთ, 5 000-6 000 აცრა ჩავატაროთ დღის განმავლობაში“, -აცხადებს ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ვირუსის მესამე ტალღას არ გაუვლია და ახლა პიკში ვიმყოფებით.
„3-4 დღეა, გამოჩნდა ოდნავ ტენდენცია სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს ძალიან მცირეა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.